logo
ENG



ცესკო ჟვანიას "თავდაუზოგავი შრომისთვის, თმენისთვის და გამძლეობისთვის" მადლობას უხდის

30 ივნ 202114:43
3 წუთის საკითხავი
 

ცესკო თამარ ჟვანიას "თავდაუზოგავი შრომისთვის, გამძლეობისთვის და თმენისთვის" მადლობას უხდის. ეს ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა.

მისი თქმით, ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია ელოდება კომისიის ახალ წევრებსა და თავმჯდომარეს და მზადააა გააგრძელოს მუშაობა. 

"საარჩევნო ადმინისტრაცია ქალბატონ თამარს უხდის მადლობას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მან გასწია ამ 8 წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში იყო არაერთი სირთულე და გამოწვევა, მაგრამ ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით და გადავლახეთ პრობლემები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თამარს იმ გამძლეობისთვის და თმენისთვის, რაც მან ბოლო თვეების განმავლობაში გამოავლინა.

როგორც უკვე იცით, ის უბრუნდება საერთაშორისო პოზიციას და აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციაში. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ეს არის ძალიან მძლავრი, ძლიერი და გამართული ინსტიტუცია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ წარსულშიც გვქონდა მსგავსი ტიპის გამოწვევა, თუმცა როგორც ადრე, ახლაც მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად აირჩევა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე. ჩვენ ველოდებით მას, ველოდებით კომისიის ახალ წევრებს, რომ შემოდგომაზე შევძლოთ და ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში", - თქვა ნათია იოსელიანმა.

თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ჟვანიას თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, გაყალბებაში მონაწილეობა კი თავად ჟვანიამ მიიღო.


close დახურვა